top of page

გურული ინტელიგენციის პასუხი ციცინო შურღაიას

  • May 24
  • 1 min read

უცნობილესმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ 2026 წლის რომელიღაცა დღეს რაღაც გადაცემაში განაცხადა, რომ ინტელექტუალი ან ინტელიგენტი (ჯერ ვარკვევთ) მსუქანი ვერ იქნება.


აღშფოთდა რა ქართული საზოგადოება, ქალბატონ ციცინოს სხვა გადაცემებმაც მისცეს შანსი რომ უკვე ქირურგიული სიზუსტით ემტკიცებინა თუ რატომ ვერ იქნება ინტელექტუალი თუ ინტელიგენტი (ისევ ირკვევა) ადამიანი ღარიბი.


ჩვენი რადიოს შექმნა რადგანაც გურული ხმის ყველგან და ყველაფერზე გაჟღერებას ემსახურება, გურული ინტელიგენციის და ინტელექტუალების სახელით (გაუგებრობის ასარიდებლად - ორივე), გადავწყვიტეთ ჩვენი აზრიც გამოვთქვათ.


ვიკიპედიის თუ სხვა მსგავსი აკადემიური და სანდო წყაროების მიხედვით დადგენილია, რომ გურული ინტელექტუალიზმი უბრალოდ მოცემულობაა. ჩვენ ამაზე ერთმანეთს არ ვედავებით. გვიყვარს კითხვა, ანალიტიკა და აზრის თავისუფლად გამოხატვა. ამიტომაც გახდა რადიო საჭირო. ტელევიზია, გაზეთი და სოციალური ქსელები გურულ ინტელექტს უკვე წლებია ვეღარ იტევდა.


არგუმენტის დასასაბუთებლად როგორც ქალბატონმა ციცინომ დოსტოევსკი თუ ტოლსტოი მოიშველია, ჩვენ არ ჩამოვთლით იმ გურულებს, რომლებმაც ქართული ისტორია, ლიტერატურა და თანამედროვე კულტურა შექმნეს. უფრო სიღრმისეული და თემასთან ახლოს კვლევისთვის, უბრალოდ ცნობილ გურულ ინტელექტუალებს წონის მიხედვით შევაფასებთ.


ექვთიმე თაყაიშვილი ისტორიული ფოტოებით ძირითადად გამხდარი და მხარბეჭიანი აღნაგობით გხვდება. ნოდარ დუმბაძეს ბევრი ძებნის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ღიპიანი ფოტო ვუპოვეთ, ისეც მცირე მასშტაბის. ეგნატე ნინოშვილი ცალსახად გამხდარი იყო. ანუ რა გამოდის, ქალბატონი ციცინო მართალია?


თუმცა, აი სადაც ნამდვილად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა სიმდიდრე-ინტელექტის კოლერაციაა. ექვთიმე თაყაიშვილს ქართული საგანძური რომ მიეთვისებინა და ქვეყნისთვის არ გადაეცა, ალბათ ციცინოს თეორიას უფრო მეტი უტყუარი მტკიცებულება ექნებოდა.


თუმცა, სამწუხაროდ, გვაპატიეთ, გურულებს ქალბატონო ციცინო. მართალია გურულის პორტრეტი სულ წელში გასწორებული, გამხდარი და სანდომიანი ვიზუალით გადმოიცემა, ჯერ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ თქვენთვის ინტელექტუალები ვიყოთ.


თუმცა, აქვე, თუ გინდათ უფრო მეტი ფული იშოვოთ, დაგვიკვეთეთ რეკლამა და დაგეხმარებით.


ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ყველგან დევს და აქ აღარ დავამატებთ.



 
 
 

Comments


bottom of page